"ომიკრონმა" შიდა გავრცელება დაიწყო - სპეციალისტები მომდევნო დღეებში დადასტურებული შემთხვევების მკვეთრ მატებას ვარაუდობენ. იმატებს 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა მომატებულია მიმართვიანობა ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე.
"შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. ბუსტერ დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გააჩერებს "ომიკრონს," - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.