დაინფიცირების რეკორდული შემთხვევების მოლოდინში - ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ "ომიკრონის" გავრცელების გამო კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი პანდემიის პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებს გადაასწრებს. მაჩვენებლები კი ქვეყანაში უკვე შესამჩნევად იზრდება. ლაბორატორიებთან, სადაც ტესტები კეთდება,გრძელი რიგებია. ამ დროისთვის, ქვეყანაში "ომიკრონის" 900 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი თვლის, რომ იანვრის ბოლოსთვის ის დომინანტი შტამი გახდება.
"დადასტურებული რაოდენობა რაც გვაქვს "ომიკრონის", ეს, შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი გახდეს. შესაძლებელია, რამდენიმე კვირაში მოხდეს "დელტა" შტამის ჩანაცვლება "ომიკრონის" შტამით. აუცილებელი და მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა,"-აცხადებს მაკა ბულეიშვილი.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე, აცრებისა და "ბუსტერ" დოზის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.
"ომიკრონი" განსხვავდება სხვა შტამებისგან იმით, რომ გაცილებით სწრაფად ვრცელდება. ეს გახლავთ მიზეზი სამედიცინო სექტორის გადატვირთვის, რასთანაც მრავალ ქვეყანას უჭირს გამკლავება. სერიოზულად ამცირებს "ბუსტერ" დოზა დაავადების მძიმე მიმდინარეობას და ლეტალობას. ისე, როგორც არასდროს ახლა გვმართებს რეკომენდაციების პირნათლად შესრულება, ვინაიდან დავიცვათ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა,"-აცხადებს ნათია გორდაძე.