ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმეზე "თი-ბი-სი" ბანკის დამფუძნებლების განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
ხვალ 11 საათზე გაირკვევა - ცნობს თუ არა დამნაშავედ სასამართლო 17 მილიონი დოლარის უკანონო ლეგალიზაციასა და შედეგად დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებაში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
მათთან ერთად სამართლდება ავთანდილ წერეთელიც, რომელმაც დღეს პროცესზე იხუმრა, რომ ამიერიდან ფულს არავის ასესხებს.
დღეს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. სამივე მათგანი პროცესს პოლიტიკურს უწოდებს. დღეს ყველაზე მეტად აქტიურობდა მამუკა ხაზარაძე, რომელიც დარბაზიდან 15 წუთითაც კი გააძევეს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკურ სარჩულზე საუბარს არარელევანტურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსობა კანონზე მაღლა არავის აყენებს.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს, წაყენებული მუხლით 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.