20 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
რატომ არის მთქნარება გადამდები და რა დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს

ზრდასრული ადამიანები დღეში, საშუალოდ, 20-ჯერ ამთქნარებენ და მთქნარების სურვილის შეკავება ძალიან ძნელია. 

მეცნიერული კონსენსუსი, თუ რატომ ვამთქნარებთ, არ არსებობს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, როდესაც ადამიანები ვიღლებით, ღრმად აღარ ჩავისუნთქავთ, რაც ორგანიზმში ნახშიროჟანგის დაგროვებას უწყობს ხელს. მეცნიერი დუგლას ფარემი ამბობს, რომ მთქნარება ჩასუნთქვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ჟანგბადს და გამოდევნის ნახშიროჟანგს.

რატომ არის მთქნარება გადამდები?

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ვინმე ამთქნარებს, შანსი იმისა, რომ ჩვენც დავამთქნაროთ, 6-ჯერ იზრდება. ნეირომეცნიერი ჯეიმს ჯორდანო განმარტავს, რომ ეს, შესაძლოა, მიბაძვასთან იყოს დაკავშირებული, როდესაც ორგანიზმი სხვების მოქმედებებს იმეორებს. ასეთივე ქცევების კატეგორიაში შეიძლება იყოს ფეხის ფეხზე გადადება და სიცილი.

შესაძლოა თუ არა, ხშირი მთქნარება რაიმე დაავადების ნიშანი იყოს?

მოკლე პასუხია, რომ მთქნარება სრულიად ნორმალურია, თუმცა თუ ადამიანი ხშირად ამთქნარებს და ამისი მიზეზი არ არის ძილის ნაკლებობა, ანდა სხვა ლოგიკური მიზეზები, მთქნარება, შესაძლოა, რაიმე დაავადების სიმპტომიც იყოს. 

ყველაზე ხშირი სამედიცინო პრობლემები, რომელიც მომეტებულ მთქნარებასთან არის დაკავშირებული, ძილის დარღვევა, ინსომნია, აპნეა და ასევე, მედიკამენტები შეიძლება იყოს, რომელიც ძილისთვის ინიშნება. არის სხვა დაავადებებიც, რომელიც მთქნარებას იწვევს - მაგალითად, სისხლდენა მკერდში, ტვინის სიმსივნე, ინფარქტი, თუმცა უმეტესად, მთქნარება სრულიად უვნებელი ქცევაა. 

დღის ამბები