21 მაისი 2022,   16:33
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში მე-11 ბატალიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქართველი სამხედროებისთვის, NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში, ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.

სამშენებლო სამუშაოებს, თავდაცვის მინისტრი გორში მე-11 ბატალიონში გაეცნო. როგორც აცხადებენ ძირითადი სამხედრო ბაზების განახლება, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ, მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მე-14 ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის, განკუთვნილი სამსართულიანი მშენებარე ყაზარმა მოინახულა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

"მოვინახულეთ გორში, მე-11 ბატალიონი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ 2020 წელს დავასრულეთ ერთი ყაზარმის რეაბილიტაცია. შარშან დავიწყეთ და წელს დავასრულებთ სრულიად ახალ ყაზარმას, რომელიც რა თქმა უნდა აღიჭურვება იგივე კომფორტული პირობებით, რაც გვაქვს სხვა ყაზარმებში და ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ კიდევ ერთ ახალ თანამედროვე, დასრულებულ ბაზას გორში," - ამბობს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

წლის ბოლომდე, ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახების მოწყობაც იგეგმება.

მიმდინარე წელს, მე-11 ბატალიონის შტაბის შენობასა და კიდევ ერთ ყაზარმას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რითაც აღნიშნულ ბაზაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულდება.

გასულ წელს მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, განხორციელდა ახალი სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის დაგება. ასევე, მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა თავდაცვის უწყებაში, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა, რაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

დღის ამბები