28 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
37 წლის ქალის მკვლელობა და თვითმკვლელობის ინსცენირება - დაკავებულია მოკლულის ყოფილი ქმარი

მკვლელობა ლაგოდეხში, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივებს უბედური შემთხვევა ეგონათ. მიზეზი ინსცენირება იყო, თითქოს 37 წლის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ნონა ჭაბაშვილი, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისმა ყოფილმა ქმარმა გაგუდა, შემდეგ კი გაზის ონკანი გახსნა და ადგილიდან მიიმალა, მამაკაცი უკვე დაკავებულია. ის წარსულში ნასამართლევია და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

მოკლული ქალის ახლობლები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ ნონა ჭაბაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან არაერთხელ ყოფილა მუქარისა და ძალადობის მსხვერპლი. მეზობლები ყვებიან, რომ გიორგი ბარბაქაძე ნარკოდამოკიდებული იყო და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა 37 წლის ქალს პოლიციისთვის დასახმარებლად არასდროს მიუმართავს.

ქმართან ოფიციალურად დაშორების შემდეგ ჭაბაშვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ლაგოდეხში ცხოვრობდა. ბოლო ერთი წელია ის ლაგოდეხის საკრებულოს აპარატში მუშაობდა, თუმცა თანამშრომლებმა ქალის პრობლემის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ქალის ყოფილ ქმარს, 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები