03 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
"ომიკრონი", მოლოდინის მიუხედავად, სავარაუდოდ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იქნება - ახალ შტამს 1000 ინფიცირებულიდან ერთი სიცოცხლე ეწირება

ინფექციის გავრცელების მზარდი დინამიკა და მძიმე პროგნოზები ეპიდემიოლოგებისგან - დღეს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 ადამიანი კი გარდაიცვალა. პროგნოზი ასეთია - ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება და 20 ათასს გაუტოლდება.

როგორც ცნობილია, არსებობდა ასეთი თეორია, რომ "ომიკრონით" კოვიდპანდემია დასრულდებოდა, თუმცა სპეციალისტები ახლა განსხვავებულ სცენარზე და ახალი შტამების გაჩენის ალბათობაზე საუბრობენ.

ყოველდღე "ომიკრონის" ახალ-ახალი გამოვლინებები და თვისებები მსოფლიოსთვის უკვე გამოწვევად იქცა. ეპიდემიოლოგიური პროგნოზი ამ ეტაპზე დამაიმედებელი არ არის. ექიმების მოლოდინი, რომ B, 1,1 529 გრიპის მაგვარი ვირუსი გახდებოდა, ჯერ ვერ გამართლდა. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალი შტამი ინფიცირების გარეშე არავის დატოვებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს.

ქვეყანაში უკვე დადასტურებული ლაბორატორული შემთხვევების 50% "ომიკრონია". ვირუსი ყველაზე მეტად დედაქალაქში ვრცელდება და უკვე კოვიდ დადებითობის 65 % ახალი შტამია.

საქართველოში ორი კვირის პერიოდში ეპიდემიოლოგიური სურათი მთლიანად შეიცვლება. რეკორდულად გაზრდილი სტატისტიკური მონაცემები და გადატვირთული კოვიდ მიმღები განყოფილებები - კლინიცისტები ამბობენ, რომ ქვეყანას თებერვალში ამ რეალობაში მოუწევს ყოფნა.

"ომიკრონს" 1000 ინფიცირებულიდან ერთი სიცოცხლე ეწირება. დადასტურებული შემთხვევების 5 %-ს ჰოსპიტალიზაცია მაინც ესაჭიროება. ახალი შტამი 10-დან 7-ის შემთხვევაში სურდოთი იწყება. ინფიცრებულების 30%-ში გამოხატულია მაღალი ტემპერატურაც. დადასტურებული ფაქტების ყველაზე მეტი შემთხვევა მაინც ბავშვებსა და მოზარდებშია.

ბოლო 5 დღეა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კოვიდ შემთხვევების რაოდენობა 5 ათასის ქვემოთ არ ჩამოდის. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. რაც შეხება ვაქცინაციის პროცესს, ბოლო 24 საათში ვაქცინირებულთა ნახევარზე მეტი "ბუსტერ" დოზებია.

თუ ეფექტური მექანიზმები მოკლე დროში არ იქნება გამოყენებული, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი უკონტროლო ფაზაში გადავა. 

დღის ამბები