24 საათში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა მორიგი ანტირეკორდი მოხსნა - ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 8 728-ია. გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. მხოლოდ დედაქალაქში ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს უახლოვდება. პიკს აღწევს მონაცემები აჭარაშიც. სადაც ინფიცირებულთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2020 წელსაც არ ყოფილა, მაშინ, როცა მეორე ტალღის დროს, აფეთქება ქვეყანაში სწორედ აჭარიდან დაიწყო.
მედიკოსები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რეკომენდაციების დაცვისკენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ მცირე სიმპტომების ქონის შემთხვევაშიც კი აუცილებელია იზოლაცია:
""ომიკრონის" ფანტაზია და გავრცელების ფუნქცია ძალიან ფართოა. აქედან გამომდინარე ყველაზე მთავარი საკითხი არის ის, რომ ვეცადოთ ელემენტარული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად ვიმყოფებოდეთ იზოლაციაში. ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება, ისინი ამას არასერიოზულად უყურებენ, იმ ინფორმაციის ფონზე, რომ "ომიკრონის" მცირე სიმპტომები და სუსტი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ ეს ასე არაა, ყველა დაავადებას, "ომიკრონსაც" და თუნდაც სეზონურ გრიპს ესაჭიროება იზოლაცია," - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ რისკ-ჯგუფებს ასახელებს, რომლისთვისაც კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია, მათ შორის "ომიკრონიც" საშიშროებას წარმოადგენს:
"ზიანის მომტანი იქნება და აქ ხაზს ვუსვამ - მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ფენისთვის არა. ნაკლებად იქნება ახალგაზრდა ასაკისთვის ზიანის მომტანი. ვსაუბრობთ რისკის ჯგუფებზე ესენია, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები ასაკის მიუხედავად - ესაა დიაბეტუ, სიმსუქნე, გულის პრობლემა, და რაც ყველაზე საშიშია, ისევე როგორც კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს განეკუთვნება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ასაკიდან გამომდინარე," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.