თოვლი, ქარბუქი, მოყინული გზები და ზვავსაშიშროება - მეტეოროლოგიური პირობები განსაკუთრებით რთულია მაღალმთიან რეგიონებში. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შროშა-არგვეთას მონაკვეთზე. მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ნაწილზეც. ამინდის გაუარესების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს, უკვე მეხუთე დღეა იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები, თუმცა სამუშაოებს მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
დიდთოვლობაა გურიაშიც, რამაც გარკვეულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდა, ასევე შექმნა გადაადგილების პრობლემები. რეგიონში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გზებზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის მაღალი ზონის სოფლებშიც. უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებოდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ტექნიკური სამუშაოები გზებზე ამ დრომდე გრძელდება.
ამინდის არახელსაყრელი პირობები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 21 იანვრიდან კი სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.