24 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
დაბრუნდება თუ არა "პრინცი" საქართველოში - "შავ სიაში" შეყვანილი ქართველი "კანონიერი ქურდი" უკრაინის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისში, პაატა ჩხარტიშვილის ახლობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდი" ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, პატიმრობიდან გათავისუფლებულ "კრიმინალურ ავტორიტეტს" ქვეყნიდან მაინც გააძევებენ, თუმცა რა მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო, ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისში დაბრუნებას არ აპირებს.

51 წლის პაატა ჩხარტიშვილი, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ზელენსკის "შავ სიაშია" შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყნის დატოვება მოუწევს.

ზაპოპროჟიის საქალაქო სასამართლომ, ჩხარტიშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სრულიად მოულოდნელად სააპელაციო სასამართლომ, ქართველი "კანონიერი ქურდი" დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლეთა კოლეგიამ ჩხარტიშვილი ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

პაატა ჩხარტიშვილს კრიმინალურ წრეებში "პრინცის" მეტსახელით იცნობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ის სრულად აკონტროლებდა ზაპოროჟიისა და უკრაინის სხვა დიდი ქალაქების კრიმინალურ დაჯგუფებებს. მისი გავლენები ძირითადად ძვირფასი მეტალის მომპოვებელ საწარმოებზე ვრცელდებოდა. უკრაინული მედია წერს, რომ პაატა ჩხარტიშვილი იგივე პრინცი იმ სანქცირებულ კრიმინალებს შორისაა, რომელთა ქონება რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინის რადამ გასული წლის მაისში დაამტკიცა ე.წ. შავი სია, სადაც პოსტსაბჭოთა სივრციდან 550-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტია შეყვანილი, მათ შორის უმრავლესობა ქართველი "კანონიერი ქურდი" და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წარმომადგენლები არიან. სანქცირებულთა სიაშია პაატა ჩხარტიშვილიც, რომლის მრავალმილიონიან ქონებას, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კონფისკაცია ემუქრება. 

დღის ამბები