26 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, დასრულდება წელს - გიორგი კამკამიძე

ეპიდემიოლოგების პროგნოზი მართლდება - "ომიკრონი" ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. კოვიდ-ცენტრებში ინფიცირებულები კი ჯერ კიდევ დელტა შტამის შედეგებს ებრძვიან. კლინიკები 45%-ით არის დატვირთული. ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება ამბულატორიული მიმართულებითაც.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, თუმცა ვირუსი არსად გაქრება და პერიოდულად ვაქცინაციის საჭიროება დადგება.

"ჯანდაცვის ექიმების პირველი მოვალეობა არის, რომ ზედმეტი პრეპარატები, მათ შორის, ანტიბიოტიკები არ იქნას დანიშნული. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაიტანს მსუბუქად ამ დაავადებას, შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა ჩვენს მოსახლეობაში და ეს იქნება ერთ-ერთი პირობა, რომ ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, დასრულდება წელს, თუმცა ვირუსი არსად არ წავა და ჩვენ მუდმივად გვექნება იმის საჭიროება, რომ ჩავატაროთ პერიოდული ვაქცინაცია," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორმა გიორგი კამკამიძემ.

ამათან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევები მეტად გაიზრდება, თუმცა, ამ ეტაპზე პაციენტების ნაკადის მართვა კონტროლს ექვემდებარება.

"მართალია "ომიკრონს" ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე დელტას, მაგრამ თუ შემთხვევები 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი იქნება, მაშინ ის მძიმე შემთხვევებიც მეტი იქნება და სამწუხაროდ, გარდაცვალებების შემთხვევებიც მოიმატებს, ასეა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, 20-21 იანვარს აშშ-ში დაფიქსირდა 2 700-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა, რაც ბოლო ერთი წელია იქ არ ყოფილა.

ყველაფერი ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ძალიან კარგად. კიდევ უფრო მეტი თუ იქნება, შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა მოახდენს შესაბამის რეაგირებას, გამოინახება დამატებითი რესურსები, ასე რომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად და ითანამშრომლოს ჯანდაცვის ორგანოებთან," - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები