ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს და ტესტირების შეჩერება არ განიხილება. მისივე განმარტებით, ამირან გამყრელიძემ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა.
"ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, საიდანაც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 4500-მდე საწოლია დატვირთული. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 700 საწოლია მობილიზებული და მათგან ნახევარი თავისუფალია.
"დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა, დღეის მდგომარეობით, 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო "ომიკრონთან" დაკავშირებით, რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა. საწოლები გადანაწილებულია როგორც პედიატრიულ სექტორზე, ასევე მოზარდებისთვის.
პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობიდან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ, დღეისათვის გვაქვს 700 პედიატრიული საწოლი და აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია," - განაცხადა აზარაშვილმა.