20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მორიგი სხდომა გაიმართა - გამოკითხა გიორგი ყარამანიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას მორიგი სხდომა გაიმართა. დისტანციურად გამოიკითხა "რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი.

პროცესს ნიკა გვარამია და მისი ადვოკატი ესწრებოდნენ. 

"ვის წინაშეც ვიყავი ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. "რუსთავი 2" დაზარალებული შეიძლება იყოს, თუ ჩემს დროს არსებული მფლობელები ამაში მედავებიან. არცერთი მფლობელი ამაში არ მედავება და ქიბარ ხალვაში რომ შემედავებოდა, მე საიდან უნდა მცოდნოდა?! ქიბარ ხალვაშის აზრებს ხომ არ ვიკითხავდი ყველა გადაწვეტილებასთან დაკავშირებით, ამიტომ ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმის პროკურორის თქმით, გიორგი ყარამანიშვილის გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ის პოზიცია, რასაც ბრალდებულები და ადვოკატები აცხადებენ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

"ბრალდებულები ყოველთვის იძახდნენ, რომ თითქმის დამფუძნებელთან იყო ყველაფერი შეთანხმებული, მათ შორის ის ყოველთვიური შეთანხმებები, რომლითაც "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლება გაიფლანგა, თუმცა დღეს გიორგი ყარამანიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი დეტალები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ იყო ინფორმირებული იმ ეტაპზე, როდესაც აღნიშნული შეთანხმებები ფორმდებოდა. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ის პოზიცია, რასაც ბრალდებულები და ადვოკატები აჟღერებდნენ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს," - აღნიშნა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

შემდეგი სხდომა 2 თებერვალს დაინიშნა.

დღის ამბები