გორში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, მამის მიერ დაჭრილი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ კლინიკა "გორმედის" ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს.
ექიმის თქმით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი ჭრილობებით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც ტატო ქაჯაია აღწერს, ახალგაზრდა მამაკაცს ბასრი საგნით 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
"დაზიანებები იყო მრავალგვარი და ბევრი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც იყო დაზიანებული, ეს არის მარჯვენა ფილტვი და პლევრა. ასევე, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადგილას იყო გადაჭრილი წვრილი ნაწლავი, შესაბამისად, გაკეთდა დიდი მოცულობის, ე.წ. ფართო მასშტაბის ოპერაცია.
აღდგენილ იქნა ფილტვის ქსოვილის მთლიანობა და პლევრა დრენირებულია. კუჭი გაიკერა ორივე ადგილზე, პანკრეასი გაკერილია, სამწუხაროდ, მოხდა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის ნაწლავის ამოღება, რადგან დაზიანებები იყო იმდენ ადგილზე, რომ მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
მთლიანობაში, პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ამჟამად, მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. შოკიდან პაციენტი ჯერჯერობით არ გამოსულა, მაგრამ ჩანს, რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავდივართ. მოსალოდნელია უამრავი გართულება, ხდება ამ გართულებების პრევენცია, მაგრამ გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება, არ არის. პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები," - ამბობს ექიმი, ტატო ქაჯაია.