ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - სამართალდამცველებმა და დაცვის თანამშრომლებმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს სათათბირო ოთახი, იძულების წესით დაატოვებინეს.
ოპოზიცია არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას და აუდიტის სამსახურის დასკვნაზე კითხვების დასმას აპირებდა, რის გამოც ისინი დარბაზში შევიდნენ.
"უკანონო შეჭრა" - ასე შეაფასეს ოპონენტების ქმედებები ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრებმა.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სათათბირო ოთახში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზის კარი გააღეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. ბათუმის საკრებულოს დაცვის თანაშრომლების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ადგილზე სამართალდამცველების მისვლა გახდა საჭირო, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს არაერთხელ მოუწოდა, მერის სათათბირო ოთახი დაეტოვებინათ, უარის შემდეგ კი ისინი დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს, იყო წინააღმდეგობა და ფიზიკური დაპირისპირება.
ვითარების განმუხტვის შემდეგ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან ის მიზეზები განმარტეს, რის გამოც არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრა სურდათ.
"ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები სამართლებრივი რეაგირებას მოითხოვს და კანონს ეწინააღმდეგება,"- ამბობენ "ქართულ ოცნებაში".
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მალევე უპასუხა ბათუმის მერმაც. არჩილ ჩიქოვანი შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა ამბობს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვები უსაფუძვლოა.
"ყველა პროექტი, რაც ხორციელდება ბათუმის განვითარებისთვისაა და აქ არაკანონიეირი არაფერია," - ამბობს არჩილ ჩიქოვანი.
ოპოზიციონერი დეპუტატების და ბათუმის მერის შეხვედრა დღეს ვერ შედგა, თუმცა "ნაციონალური მოძრობის" წევრები ამბობენ, რომ არჩილ ჩიქოვანთან მისვლას ისევ აპირებენ, რა ფორმით და როდის ამას არ აკონკრეტებენ.