20 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
საქალაქო სასამართლო სატრანსპორტო კომპანიის 4 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს - რა მტკიცებულებები დევს საქმეში

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი დაკავებული თანამშრომლის მიმართ საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. მათ ჯგუფურად თაღლითობასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

ამ დროისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. ის ამ წუთებში პროკურორის ირაკლი მარშანიას სიტყვას უსმენს, რომელიც დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის: ერთ შემთხვევაში საუბარია, რომ დაკავებულებმა თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ იმ ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებიც სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხონ. პროკურორი ასევე ამახვილებს ყურადღებას, რომ შესაძლოა დაკავებულებმა ხელახალი დანაშაული ჩაიდინონ.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში დევს გარკვეული მასალები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ანგარიშებზე გარკვეული თანხები ჩაირიცხა, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს ქრთამის დამადასტურებელი მტკიცება.

საქმეში ასევე დევს ფარულად მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც.

"გამოძიება არის დაწყებული ერთი სუბიექტის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელზეც რეაგირება აუცილებლად უნდა მოეხდინა სამსახურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აღნიშნული ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვთ სამ პიროვნებას, არ შეესაბამება იმ ქმედებას, რა ქმედებების გამოც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი," - განაცხადა ადვოკატმა ქართლოს ვაშაკიძემ.

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

დღის ამბები