06 მაისი 2024,   01:17
ვრცლად
14 თვე კარანტინში და 78 დადებითი ტესტი - თურქი მამაკაცი COVID-19-სგან გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს

სტამბულის მაცხოვრებელი მუზაფერ კაიასანი, რომელიც ლეიკემიითაა ავად, კორონავირუსით 2020 წლის ნოემბერში დაინფიცირდა. მას შემდეგ თურქი მამაკაცი უკვე 14 თვეა კარანტინშია, მიზეზი ისაა, რომ 78-ვე ტესტმა, რომელიც მან ამ ხნის განმავლობაში გაიკეთა, ის კვლავ კოვიდდადებითი აჩვენა. მან 9 თვე საავადმყოფოში და კიდევ 5 თვე სახლში თვითიზოლაციაში გაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

მუზაფერ კაიასანი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს, რომ იპოვონ გამოსავალი მისი სიტუაციიდან, რის გამოც ის იძულებულია ამდენი თვე მარტო გაატაროს სახლში და  შვილებსა და შვილიშვილებს მხოლოდ ფანჯრიდან ხედავდეს.

მუზაფერ კაიასანმა ბოლო ტესტი მიმდინარე კვირაში გაიკეთა, რომელიც კვლავ დადებითი აღმოჩნდა. ექიმების თქმით, ეს მისი სუსტი იმუნური სისტემის გამო ხდება. როგორც კაიასანი ამბობს, მასთან ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე დარჩა მეუღლე და შვილი, თუმცა მათ ვირუსი არ გადაედოთ და ტესტები უარყოფითი იყო.

"თავიდან მეგონა, რომ ვირუსის  გადამტანი ვიყავი, მაგრამ ასე არაა," - აცხადებს კაიასანი და ამბობს, რომ უფრო მეტი საფრთხე არსებობს იმისა, რომ კორონავირუსს მას გადასდებენ, ვიდრე ის გადასდებს ვინმეს.

"გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს სხეულში COVID-19-ის ნარჩენები. ეს ერთადერთი ახსნა მომცეს ჩემს დადებით ტესტებზე," - ამბობს ის.

კაიასანის თქმით, COVID-19-მა დაასრულა მისი სოციალური ცხოვრება.

"არანაირი პრობლემა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ არ შემიძლია ჩემს საყვარელ ადამიანებთან შეხება. ძალიან რთულია. ჩემი მდგომარეობის გამო ვაქცინასაც ვერ ვიკეთებ,"- წუხს ის.

დღის ამბები