დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ორსულთა ინფიცირების თაობაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდით 13 372 ორსული დაინფიცირდა, ხოლო კონკრეტულად იანვარში - 4 019.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, მიმდინარეობს შესწავლა, სულ რამდენი ორსულია გარდაცვლილი კორონავირუსით.
"ორსულ ქალბატონებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ იანვარში, ომიკრონის აქტიური გავრცელების პერიოდში დაგვიინფიცირდა 4019 ორსული, მთლიანად ამ პანდემიის პერიოდში ჩვენ გვყავს 13 372 ორსული. დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულ ქალბატონებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება," - აღნიშნავს გამყრელიძე.