27 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
თუ პუტინი ბუნებრივ აირს იარაღად გამოიყენებს ან დააშინებს უკრაინას, არჩევანი, მილსადენის დასასრულებლად შესაძლებლობა იქნება - ტობიას ლინდნერი

ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი, ვაშინგტონის დროით, დილის 11 საათზე უნდა დაიწყოს. ზოგიერთი სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკება ამერიკის ადამინისტრაციას და მოსკოვს შორის ახლა, შესაძლოა, სხვა არხებითაც მიმდინარეობდეს. ამის შესახებ "კურიერს" ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტმა განუცხადა.

"მათ არაერთხელ ისაუბრეს. ვვარაუდობ, თეთრი სახლის მხრიდან გაფრთხილება უფრო მკაფიო და აშკარა იქნება. შესაძლოა იყოს მოლაპარაკება სხვა არხებითაც. ისევე როგორც ეს ვნახეთ გლაზგოს კლიმატის სამიტზე, სადაც ბოლო წუთებში გამოაცხადეს ჩინეთს და ამერიკას შორის შეთანხმების შესახებ, რომელსაც არავინ ელოდებოდა. სატელეფონო საუბრებს, იმის გარდა, რომ ეს პუტინს ახარებს, სერიოზული ეფექტი არ აქვს. სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. მე გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ გრაფიკულად აღწერა ვითარება სალივანმა, როდესაც კიევზე შეტევაზე, რაკეტებსა და საჰაერო დაბომბვაზე საუბრობდა,"- აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეითზი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯეიქ სალივანის ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას შეერთებული შტატები უკვე ნებისმიერ მომენტში ელოდება. ვაშინგტონმა ამის შესახებ დაზვერვის უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა. თუმცა თეთრ სახლში არ იციან, მიღებული აქვს თუ არა პუტინს შეჭრაზე საბოლოო გადაწყვეტილება.

"ჩვენ ისევ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნიშნებს. მათ შორის, ახალი ძალების დამატებას უკრაინის საზღვარზე. როგორც ადრე განვაცხადეთ, ახლა ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, როდესაც ვლადიმირ პუტინი ბრძანების გაცემას გადაწყვეტს. არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი დაზვერვის ინფორმაციის დეტალებზე, თუმცა ეს შეიძლება დაიწყოს ოლიმპიადის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ბევრი სპეკულაცია, ოლიმპიადის შემდეგ დაწყებაზე,"- ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიქ სალივანი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ამერიკის მოქალაქეებისთვის შეტყობინება უკრაინაში მოგზაურობასთან დაკავშირებით, სადაც უსაფრთხოების მეოთხე, ყველაზე მაღალი დონის გაფრთხილებაა დაწესებული. დღევანდელ ბრიფინგზე ჯეიქ სალივანმაც მოუწოდა ამერიკელებს, უკრაინიდან გამოვიდნენ. თავიანთი მოქალაქეები გაჰყავთ უკრაინიდან ასევე ბრიტანეთს, ლატვიას, ნორვეგიას და ნიდერლანდების.

გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ თუ ბატონი პუტინი ბუნებრივ აირს იარაღად გამოიყენებს ან დააშინებს უკრაინას, არჩევანი, მილსადენის დასასრულებლად შესაძლებლობა იქნება:

"თუ ბატონი პუტინი ბუნებრივ აირს იარაღად გამოიყენებს ან დააშინებს უკრაინას, არჩევანი, მილსადენის დასასრულებლად შესაძლებლობა იქნება. ჩემმა მინისტრმა ეს ნათლად განმარტა პარლამენტში. "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" გაჩერება, შესაძლებელია სანქციების პაკეტში. არავის გერმანიაში, არც კანცლერს და არც ვინმეს მთავრობაში არ გამოურიცხავს მილსადენის სანქციათა პაკეტიდან. პრეზიდენტ ბაიდენთან პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ ევროპიდან და ამერიკიდან კოორდინირებული, პარალელური ღონისძიებები იქნება,"- აცხადებს გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების სახელმწიფო მინისტრი ტობიას ლინდნერი.

ვიდრე პუტინთან სატელეფონო ზარს შეათანხმებდა, ბაიდენი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მოკავშირეებს, უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე სასაუბროდ. ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, კანადის, იტალიის და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის, პოლონეთის და რუმინეთის პრეზიდენტები. ასევე ნატოს გენერალური მდივანი. მოკავშირეები შეთანხმდნენ, კოორდინირებულ ქმედებაზე და მაღალი ეკონომიკური ფასის დაწესებაზე, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ პოლონეთში, მომავალ კვირას დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის. 

დღის ამბები