27 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე შეიჭრას - რას აპირებს დასავლეთი

უკრაინა-რუსეთის საზღვართან ბოლო 24 საათში ვითარება რადიკალურად დაიძაბა. მოსკოვის მხრიდან აგრესიული მოქმედებას ნებისმიერ დროს ელოდებიან. ამერიკა, რომელიც თავის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, ამბობს, რომ თავდასხმები შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს.

დღეს კი უკვე ყველა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 20 თებერვლამდე შეიჭრას.

ვაშინგტონი მოსკოვს კვლავ ესკალაციაში ადანაშულებს და მოუწოდებს კრიზისის გადასაჭრელად დიალოგის გზა აირჩიოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, არსებულ სიტუაციას გადამწყვეტი მნიშვნელობის უწოდა და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის უკრაინაში ნებისმიერ დროს შეჭრის შესახებ. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მორიგი სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს.

ვაშინგტონის პოზიცია ურყევია, ესკალ​აციის შემთხვევაში, რუსეთი დასავლეთისგან უმკაცრეს სანქციებს მიიღებს.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან შესული ახალი ძალების ჩათვლით . ჩვენ იმ ფანჯარაში ვართ, როდესაც რუსეთის შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს, თუ პრეზიდენტი პუტინი ასე გადაწყვეტს. ეს შეიძლება იყოს უახლოეს დღეებში. ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა პრეზიდენტმა პუტინმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვიცით, რომ მან შექმნა შესაძლებლობა იმოქმედოს ძალიან მოკლე დროში. ახლა ერთიანობის შესანიშნავ დონეზე ვართ. ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ნათლად განვუცხადეთ მოსკოვს. თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით სწრაფად დავაწესებთ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს, გავაძლიერებთ უკრაინის უნარს დაიცვას თავი, გავაძლიერებთ ჩვენს მოკავშირეებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. თუ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული ამ კრიზისის მოგვარებით დიპლომატიური და დიალოგის გზით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. რადგან ეს ყველასთვის სასურველი გზაა. უნდა მოხდეს დეესკალაცია. თუმცა ჯერჯერობით მოსკოვიდან მხოლოდ ესკალაცია ვნახეთ. ეს გადამწყვეტი მომენტია. რაც უნდა მოხდეს ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის,"- ამბობს ბლინკენი

დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლეთის მკაცრ სანქციებში, რუსეთის "სვიფტის" ფინანსური სისტემიდან გათიშვა არ შედის. როგორც "როიტერსი" წერს, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ, რუსეთის "სვიფტიდან" გამოთიშვა არ განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული მილიარდობით დოლარის სესხები არ დაიფარება. ამ დროისთვის კი, შავ ზღვაში 30-ზე მეტი რუსული გემი სამხედრო მანევრებს ასრულებს. წვრთნებს მართავს უკრაინაც. სამხედრო მანევრები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან 30 კილომეტრში იმართება. მასში მონაწილეობენ, როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმები, ისე გვარდიელები.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს დიპლომატიისკენ მოუწოდებს. 

"ჩვენ რუსეთს ისევ მოვუწოდებთ, დარჩეს საპასუხო, დიპლომატიურ დიალოგში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერთ დასავლეთის ერთიან პასუხს და უკრაინისთვის ამ ძალიან რთულ დროს ვდგავართ ერთად. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავი სუვერენულად და უსაფრთხოდ იგრძნოს, ასევე არ გახდეს იძულების, დაშინების ან საფრთხის სამიზნე,"- აცხადებს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინი.

დღის ამბები