27 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
"თეთრი სახლი ისტერიკაშია - ბრიტანელებს კი ომი სურთ" - რუსეთში დასავლეთის განცხადებებს უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის შესახებ დეზინფორმაციას უწოდებენ

უკრაინის საზღვართან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთმა სამხედრო მობილიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა. მსოფლიოს ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სახელმწიფოები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. ახლა მთავარი მოლოდინი უკავშირდება 8 საათს, თბილისის დროით, ზუსტად 8 საათზე უნდა გაიმართოს პუტინი ბაიდენის სატელეფონო საუბარი.

სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის მოადგილემ. ჯეიმს ჰეპიმ ბრიტანელებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. ჰეპი აცხადებს, რომ ავღანეთის შემთხვევა და სამხედრო ევაკუაციის საჭიროება აღარ უნდა განმეორდეს. თავად დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და გუნდთან ერთად მუშაობას განაგრძობს.

"თეთრი სახლი ისტერიკაშია - ბრიტანელებს კი ომი სურთ" - ასე აფასებენ დასავლეთის განცხადებებს მოსკოვში. რუსეთის საგარეო უწყებაში მოსალოდნელი შეჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია და პროვოკაცია უწოდეს.

"დასავლეთი ხშირად საუბრობს უკრაინაზე და ხშირად ურჩევს რუსეთს თუ რა გააკეთოს და რა არა საკუთარ ტერიტორიაზე. მსგავსი ტიპის შეცდომები მათთვის შესაძლოა ფატალური გახდეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს დასავლეთში მინსკის შეთანხმება ყველას არ წაუკითხავს. ჩვენ მივიჩნევთ რომ სლოგანებით საუბარი შეუძლებელი და არაეფექტურია. მოლაპარაკებები და ყველაფერი რაც ამ პროცესში ხდება მიმართულია ისეთი დიალოგისკენ სადაც პასუხებს მივიღებთ. ეს ყველაფერი ორმხრივი მოძრაობის გზა უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი იწყებენ სლოგანებით და ასეთი რიტორიკით საუბარს დასავლეთში ყველაფერი სრულდება,"- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი მარია ზახაროვა.

მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ხერსონის ოლქში იმყოფებოდა და იქ სამხედრო წვრთნებს ესწრებოდა. უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ ყველა ზომას იღებს.

დღის ამბები