მორიგი სხდომის ჩატარება ისევ სადავოა - სენაკის საკრებულოს იურისტი ამბობს, რომ 16 ოპოზიციონერის მიერ 9 თებერვლის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაცია არ აქვს. განმარტავს, რომ ოპოზიციის მე-17 წევრი უფლებამოსილი არაა მორიგ შეკრებას დეპუტატის სტატუსით დაესწროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხდომაზე კვორუმი ისევ არ იქნება. სწორედ კვორუმის არარსებობა გახდა საკრებულოს აპარატის თანამშრომლების პროტესტის საფუძველი, როდესაც მათ სხდომა დატოვეს. მაშინაც ამტკიცებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ახალ სხდომას ახალი რეგისტრაცია სჭირდება, რაც 17 წევრზე ნაკლებით არ უნდა მოხდეს.
საკრებულოს აპარატის პოზიცია ოპოზიციამ არც 9 თებერვალს გაიზიარა, სხდომა მათ გარეშე გააგრძელა და არც ახლა ეთანხმება. "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და გიორგი გახარიას პარტიაშიც კარგად იციან, რომ მორიგი სხდომა ისევ აპარატმა უნდა ჩანიშნოს, თუმცა მზად არიან მუშაობა მათ გარეშეც გააგრძელონ. ამტკიცებენ, რომ 3 დეკემბერს 32 წევრის რეგისტრაციით დაწყებული სხდომა, რომელიც 9 თებერვალს გაგრძელდა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ უმრავლესობისთვის საჭირო მე-17 ხმა უკვე აქვთ.
მმართველი გუნდი ოპოზიციას სამართლებრივ მსჯელობამდე მათემატიკური უნარების გაუმჯობესებას სთავაზობს. "ქართული ოცნების" ოპონენტები კი რჩევას რჩევითვე პასუხობენ.
ოპოზიციის არგუმენტს, რომ 2 თვის დაწყებული სხდომა დახურულად ჯერ კიდევ არ ითვლება, "ქართული ოცნების" ლიდერები მათი ოპონენტების პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. მმართველი გუნდის ხელმძღვანელების განმარტებით, სადაო არ უნდა იყოს ის, რომ 16 წევრით ჩატარებულ სხდომას უფლებამოსილება არ აქვს.
როგორ განვითარდება მოვლენები სენაკის საკრებულოში, რომელსაც თავმჯდომარე ჯერ ისევ არ ჰყავს, მომდევნო დღეებში გაირკვევა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობის პრობლემა აღარ აქვს, თუმცა საკრებულოს იურიდიულ სამსახურში მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი მე-17 წევრი უფლებამოსილი არ არის.