20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
დაძლეულია თუ არა კორონავირუსის მე-6 ტალღა - ქვეყანა "ფაიზერის" ანტივირუსულ პრეპარატს ელოდება

დაძლეულია თუ არა უკვე პიკი და დაიწყო თუ არა ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება - არსებული დინამიკა ამაზე მეტყველებს, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის მე-6 ტალღის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ საქართველო "ფაიზერის" მიერ წარმოებულ ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება. მანამდე კი ექიმები მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევას ვაქცინით და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით ურჩევენ.

"თებერვლის თვე, ალბათ, საკმაოდ საყურადღებო იქნება და, შესაბამისად, დაინფიცირებულთა რიცხვის მატება ალბათ იქნება. ვფიქრობ, უფრო მეტად გაზაფხულის პირს შეიძლება მოხდეს დაღმასვლა, თუმცა, ეს ყველაფერი, ცხადია, დამოკიდებულია ისევ იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია, ვაქცინირებულთა რაოდენობაზე და, ზოგადად, იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაინფიცირების შემდეგაც უგულებელყოფენ რეკომენდაციებს, არ იცავენ საიზოლაციო პერიოდს,"-აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი.

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგის, ნათია გორდაძის განცხადებით, ქვეყანა კვლავ პიკის ეტაპზეა და დაღმასვლას მოკლე დროში არ ელოდებიან. 

"ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის პერიოდში, ეს არ არის ის პერიოდი, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება იყოს დაღმასვლა, მოსალოდნელია მსგავსი ზრდა ინფიცირებულთა რიცხვის, თუმცა, ისევ და ისევ, რომ ავირიდოთ ინფიცირებულების ზრდა, საჭიროა ბუსტერ დოზის დამატება და, პარალელურად, რეკომენდაციების შესრულება,"-აცხადებს ნათია გორდაძე. 

დღის ამბები