20 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
ვინ არის ნიკო ფეიქრიშვილი, რომელიც, შესაძლოა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდეს - ახალი დეტალები 

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გრძელდება - შესაძლოა, საქმეზე დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. უკვე ერთი საათია, საქალაქო სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს. საუბარია კომპანია მაგთიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, ადასტურებს, რომ დაკავებულები ჭელიძე და კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. 

ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომელი იკითხება, რომელმაც უშუალოდ მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და განჩინების საფუძველზე პროკურატურას მიაწოდა ოთხი მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ანძების ამონაწერები. ეს ინფორმაცია ადგენს, როგორც ბრალდებულების, ისე სხვა პირების ერთმანეთთან კავშირს და ადგილსამყოფელს გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში.
 
სწორედ კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომლის დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ გამოძიება დაინტერესებულია კიდევ ერთი პირით, რომლის სახელი და გვარი დღეს პირველად დასახელდა - ეს არის ბრალდებულ აკო ჭელიძის მეგობარი ნიკოლოზ ფეიქრიშვილი. თუმცა, რა როლი აქვს მას ამ საქმეში, სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორთან საუბრისას გახდება ცნობილი. 
სხდომის დაწყებამდე აკო ჭელიძის ადვოკატმა ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, აიკითხება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს. 
 
"კონკრეტულად რომელ მოწმეებს დაკითხავს ბრალდების მხარე, ჩემთვის უცნობია. დავესწრები სასამართლოს და იქ გამოჩნდება, გვექნება თუ არა შეკითხვები. ჯერ პოზიცია ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით არ გვაქვს, რადგან მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ არ ვიდავებთ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელიც ვცანით უდავოდ, არ შევდივართ შინაარსში იმ მტკიცებულებებისა, რომელიც უდავოდ ვცანით. საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ საუბრობს,"-აცხადებს ბრალდებული აკო ჭელიძის ადვოკატი ონისე მარგიანი.
 
ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ბრალდებულებისთვის უდავო პატიმრობას ითხოვენ. 
 
"ერთადერთი განცხადება, რასაც ვამბობთ, არის, რომ უვადო პატიმრობა უნდა მისცენ მკვლელებს,"-აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი. 
 
დღის ამბები