საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.
მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ პროცესში 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში გრძელდება სკოლების მონიტორინგი.