ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის დროს, პროვოკაცია იგეგმება.
მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ აქტივისტების ნაწილი, რუსეთ-საქართველოს სარაგბო მატჩის ჩაშლას გეგმავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რამდენიმე ორგანიზაცია რუსი მორაგბეებისთვის უკანონო ქმედებებით ხელშეშლას გეგმავს. პოლიტიკოსების აზრით, მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა.
დეპუტატებს დღეს, ბრალდების ობიექტებმაც უპასუხეს. მოძრაობა "სირცხვილიაში", რომელიც თამაშზე აქტივისტების მობილიზების ერთ-ერთი ინიციატორია, განმარტავენ, რომ მატჩზე, მათი პროტესტი საქართველოს და უკრაინის დროშების გაშლით შემოიფარგლება.
რუსეთ-საქართველოს თამაშის დროს პროტესტის გამოხატვას გეგმავს "ევროპული საქართველოც". პარტიის ლიდერის თქმით, ცივილური ფორმით აზრის გამოხატვა, თუნდაც სპორტულ მოედანზე, შეუძლებელია ოკუპანტის მაპროვოცირებელი იყოს.
ოპონენტების მოსაზრებებს დღესვე "ქართული ოცნების" ლიდერებმაც უპასუხეს. პარლამენტის სპიკერი და დედაქალაქის მერი ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი სოლიდარობის აქტის ძალადობრივ მოქმედებაში გადაყვანა პრინციპულად მიუღებელია.
გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა რაგბის კავშირის პრეზიდენტმაც. სოსო ტყემალაძემ "კურიერთან" თქვა, რომ ყველაზე დიდი სოლიდარობა და პროტესტი ქართველი სპორტსმენების მხრიდან, მოედნის გამარჯვებულის რანგში დატოვება იქნება. ტყემალაძის განმარტებით, რაგბის კავშირი, მატჩის უსაფრთხოებაზე მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს.
რაგბი ევროპის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 27 თებერვალს დაუპირისპირდებიან.