ბოლო ცნობები უკრაინიდან - ნებისმიერ წუთს კიევზე თავდასხმას ელოდებიან - დედაქალაქში სირენების ხმა ისმის. უკრაინის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
დედაქალაქში მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებისკენ ინაცვლებს. მოსახლეობას ურჩევენ თავი შეაფარონ მიწისქვეშა გადასასვლელებს.
"კურიერმა" კიევის რამდენიმე მოქალაქეც ჩაწერა.
"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას გამთენიისას, ხარკოვი დაიბომბა, ქუჩაში იყო სროლა და აფეთქება. ხალხნო ეს ნამდვილი ომია. პოლიცია დადის და ხალხს აფრთხილებს. ევაკუაცია დაწყებულია. ხალხნო გაუფრთხილდით სიცოცხლეს, უკრაინელი ხალხი უნდა გადარჩეს," - განაცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
"წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აქ, კიევში, ჩემს ქალაქში და ქვეყანაში. თუ სიკვდილია, მე აქ უნდა მოვკვდე," - განუცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მოქალაქემ "კურიერს".
რუსულმა ჯარებმა ქვეყნის საზღვარი გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე ადგილას - რუსეთისა და ბელარუსიდან გადაკვეთეს. დესანტია გადასხმული ოდესასა და მარიოპულში. მიმდინარეობს მასირებული სახმელეთო შეტევა ხარკოვში - იბომბება სამხედრო აეროპორტები და სამხედრო შტაბები. საარტილერიო ცეცხლია გახსნილი საზღვრის გასწვრივ. ვრცელდება ცნობები ასობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ.
ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების შესახებ და ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო პირებს საშიშროება არ ემუქრებათ.
უკრაინა დასავლეთიდან რუსეთისთვის დაუყოვნებლივ სანქციებს, უკრაინისთვის კი სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს.