20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
გმირობის მორიგი მაგალითი ოდესის ოლქის კუნძულ ზმეინზე - 13 დაღუპულ ჯარისკაცს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ

გმირობის და თავდადების მორიგი მაგალითი ოდესის ოლქის კუნძულ ზმეინზე - უკრაინული გარნიზონი 13 მესაზღვრით რუსული თავდასხმის ობიექტი სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან 12 საათის შემდეგ გახდა.

დანებება, იარაღის დაყრა და ჩაბარება მსხვერპლის გარეშე - ეს ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინელ მესაზღვრეებს მოითხოვეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი აგრესორები უკრაინულ სამხედრო ნაწილს დაბომბვით დაემუქრნენ.

"მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და დაგვნებდით სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგბომბავთ," - ამ ფრაზით მიმართეს უკრაინელ ჯარისკაცებს რუსული გემიდან.

"რუსულო საომარო ხომალდო, წადი ****" - ოკუპანტი ქვეყნის საბრძოლო ხომალდის ამ მოთხოვნას უკრაინელმა მესაზღვრეებმა სულ 3 სიტყვით უპასუხეს. ამით აგრესორ რუსეთს როგორც ზოგადად სახელმწიფო - უკრაინის, ასევე მათი პირადი პოზიციაც დაანახეს და მომავალ თაობებს გმირობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დაუტოვეს.

უკრაინელი ჯარისკაცების ფრაზის შემდეგ რამდენიმე წუთში 13-ვე მესაზღვრესთან კავშირი გაწყდა. უკრაინის გენშტაბმა მალევე კუნძულზე მყოფილი ყველა სამხედრო პირის გარდაცვალება დაადასტურა.

კუნძული ზმეინი რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო მიზანში 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან, თითქმის 12 საათის შემდეგ ამოიღეს. კუნძულზე მასიურად მიმდინარეობდა შეტევა როგორც რუსეთის საზღვაო ნაწილების მხრიდან, ასევე ხორციელდებოდა სარაკეტო იერიშები. ოფიციალური ინფორმაციით, კუნძულის ნაპირებთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 2 გემიც იმყოფებოდა - "მოსკოვი" და "ვასილი ბიკოვი".

"დიდება გმირებს" - ეს არის ფრაზა, რომელიც 13 უკრაინელი სამხედროს თავგანწირვას ზუსტად გამოხატავს. ეს ფრაზა ყველა უკრაინელი ოფიციალური პირის, თუ რიგითი მოქალაქის მხრიდან გუშინ ყველაზე ხშირად ისმოდა და იწერებოდა.

ზმეინზე დაღუპულებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ.

დღის ამბები