რა მიმართულებით მიმდინარეობს შეტევითი ოპერაციები უკრაინაში და სად არის ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ვორზელში მდებარე ბავშვთა სახლი დაბომბეს. საჰაერო იერიშის დროს დაწესებულებაში 50-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ეს რაიონი ძალიან ახლოს მდებარეობს კიევთან. ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ.
გარდა ამისა, ხარკოვში ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსზე. შემთხვევის დროს ბინებში მოსახლეობაც იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ამ კორპუსში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ. არიან დაშავებულები. ვრცელდება ფოტომასალაც.
ინტერნეტში ვრცელდება ასევე ემოციური ვიდეო. კადრებში ჩანს უიარაღო უკრაინელი მოქალაქე, რომელიც რუსული ჯავშანმანქანების კოლონას გადაუდგა და მათ შეჩერებას სწორედ ამ ფორმით ეცადა. ეს კოლონა კიევის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ვიდეო კი გადაღებულია კიევის ოლქის მისადგომებთან.
განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება უკრაინის დედაქალაქის რაიონ ობოლონში, სადაც ხელისუფება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაამზადონ მოლოტოვის კოქტეილები ან ჩავიდნენ თავშესაფრებში.