ოფიციალური ინფორმაციით, პუტინი ჯარების გამოყენებას ბელარუსის ტერიტორიიდან განაგრძობს. საავტომობილო, ჯავშანმანქანების და ტანკების გადაადგილება კიევის მიმართულებით სწორედ ბელარუსიის მხრიდან ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, იცავენ საზღვარს. არც ერთი ქალაქი დაკავებული არ არის. სხვადასხვა ადგილზე არის შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე ქალაქში შედის, თუმცა მას უკრაინული არმია წინააღმდეგობას უწევს.
რა ვითარებაა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში - "კურიერის" ეთერში სამხედრო ექსპერტმა იერიშებსა და ბრძოლის ტაქტიკაზე ისაუბრა:
"სტანდარტული ბრძოლითი დაზვერვის ტაქტიკაა, რასაც რუსები ყოველთვის აქტიურად იყენებენ. რუსეთის ამოცანა თავიდანვე ის იყო, რომ შეტევა კიევზე განხორციელებულიყო 2 მიმართულებით. უშუალოდ კიევს რაც შეეხება, ყველაზე დიდი დაჯგუფება გომელის ოლქიდან წამოვიდა, მეორე მსხვილი დაჯგუფება კი ჩერნობილის მიმართულებიდან. ორივე მხრიდან ჯავშანსატანკო და მოტომსროლელი ქვედანაყოფები იყო.
ამ მომენტში კიევის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში დგანან უშუალოდ რუსული სატანკო ქვედანაყოფები, ნაწილი დგას ჩერნობილის მიმართულებაზე, რომელიც საკმაოდ მარტივად დაიკავეს.
ამ წუთებში საკმაოდ ძლიერი სროლისა და აფეთქების ხმები ისმის კიევში, იმ სადაზვერვო დივერსიული ჯგუფებისა, რომლებიც ორი დღეა 4-5 მიმართულებიდან გაუჩერებლად შედიან კიევში. აღსანიშნავია, რომ კიევის ირგვლივ უკრაინული არტილერია საკმაოდ წარმომადგენლობითი არის.
ჩემი ინფორმაციით, ამ წუთებში უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებს, უკრაინელ მოხალისეებსა და ჩეჩენ კადიროველებს შორის, გოსტომელის აეროდრომზე ძალიან სერიოზული ბრძოლები მიდის. ეს განსაკუთრებით სტრატეგიული ობიექტია - დაუშვებელია ამ აეროდრომის დაკარგვა,"- აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი ინაშვილი.