უკრაინასა და რუსეთს შორის ბელარუსის ტერიტორიაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
რუსული დელეგაცია ქალაქ გომელშია, დადგენილი იყო ვადაც, რომ ადგილობრივი დროით 15 საათამდე უკრაინას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დასხდებოდნენ თუა რა მათი ოფიციალური პირები მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ქვეყანაში, რომელმაც რუსეთს მათზე შეტევისთვის გზა გაუხსნა.
ვადა უკვე იწურებოდა, როდესაც ბოლო წუთს, როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, მათ მიიღეს შეტყობინება უკრაინული დელეგაციის თანხმობის შესახებ. ეს მოგვიანებით ოფიციალურმა კიევმაც დაადასტურა.
"უკვე წასვლას ვაპირებდით, თუმცა დაახლოებით 15:00 საათისთვის უკრაინის მხრიდან შემოვიდა ინფორმაცია მოლაპარაკებების ჩატარების მზაობაზე დასტურის შესახებ. მოლაპარაკებები გომელის რაიონში ჩატარდება, როგორც ვთავაზობდით. ახლა მუშავდება მარშრუტი, ირჩევა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური წერტილი შეხვედრისთვის. დეტალებში არ შევალ.
ჩვენი მხრიდან, მარშრუტის უსაფრთხოების 100 %-იან გარანტიას ვიძლევით. მთელი ჩვენი დელეგაცია ახლა გომელში გაემართება, უკრაინის დელეგაციას კონკრეტულ ადგილას დაველოდებით. ჩვენთვის თითოეული საათი ჩვენი ძმა უკრაინელების, წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მიღწეულ იქნას შედეგი," - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.