20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
რუსული ტურნირები გაუქმებულია, ფიდემ მოსკოვს საჭადრაკო ოლიმპიადა ჩამოართვა - როგორ ეხმაურება მსოფლიო სპორტი რუსულ აგრესიას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ საერთაშორისო ფედერაციებს მიმართა, რომ გააუქმონ ან გადაიტანონ ის სპორტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც რუსეთში და ბელორუსში გეგმავდნენ. ნორვეგიისა და დანიის ოლიმპიური, პარაოლიმპური კომიტეტები და სპორტის კონფედერაციები, ოფიციალურად მოითხოვენ საერთაშორისო ფედერაციებიდან, რომ არამარტო გაუქმდეს ყველა ტურნირი რუსეთში, არამედ რუსი და ბელორუსი ათლეტები მოკვეთონ სპორტის ყველა სახეობიდან.

ცოტა ხნის წინ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთს რიგით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება ჩამოერთვა. მისი მასპინძლობა ინდოეთს სურს. საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვში 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მკაცრი სანქციები მოჰყვა - ტურნირი რუსეთში აღარ შედგება. აღსანიშნავია, რომ FIDE-ს საბჭოს პრეზიდენტი რუსი არკადი დვორკოვიჩია, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად 2018 წელს ბათუმში სკანდალის ფონზე აირჩიეს.

სროლის საერთაშორისო ფედერაციამაც უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო შესაბამისი ზომები შეიმუშავა, თუმცა ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - რუსეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ბუნებრივია, მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. ეს გადაწყვეტილება კი მოულოდნელი იმით არის, რომ სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რუსია - ვლადიმირ ლისინი. დიდი ალბათობით რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობასაც ჩამოართმევენ, რომელიც 2023 წელს მოსკოვში უნდა შედგეს.

უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ცნობილი სპორტსმენებიც. გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა. ვარაუდი, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლიდერი ამ ნაბიჯს გადადგამდა მაშინვე გაჩნდა, რაც სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. 

რუსმა ჰოკეისტმა ალექსანდრე ოვეჩკინმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. NHL-ის "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 12-გზის მონაწილე ცნობილია პუტინისტური განწყობებით, ამიტომაც ამერიკულ მედიას ძალიან აინტერესებდა მისი აზრი მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა პირველ დღეს "ვაშინგტონ კეპიტალსმა" თავისი კაპიტანი მედიას დაუმალა.

რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის სპორტული მიმართულებით, კიდევ ერთი შეემატა - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და ვლადიმერ პუტინს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერა. მაისში ყაზანში გასამართი ძიუდოს გრანდ სლემი კი გაუქმდა.

დღის ამბები