ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებისთვის ემზადებიან. ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიმდებარედ მოლაპარაკებების მაგიდა უკვე მზად არის. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ან შეხვედრა დასრულდება ისე, როგორც ოფიციალურ კიევს აწყობს, ან შეთანხმება ვერ შედგება.
პარალელურად დაძაბულია ვითარება უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში. უკრაინამ ოფიციალურად აღიარა, რომ ქალაქ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა. რაიონი ოკუპირებულია. პოლიციის განყოფილება დაიშალა. არსებული ინფორმაციით, ქალაქის აღებისას დაიღუპა ერთი ადამიანი.
ხარკოვი, ნიკოლაევი, სუმი - უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. რუსი აგრესორები მიუახლოვდნენ დედაქალაქს, მაგრამ კიევი თავს იცავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე დაიწყება.
"რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილზე გომელის რეგიონში 27 თებერვალს საღამოს მივიდა. ადგილი უკრაინულ მხარესთან არის შეთანხმებული და მდებარეობს უკრაინის საზღვართან. მთელი ღამე არ გვეძინა, ველით უკრაინის დელეგაციის მოსვლას. ჩამოსვლის დრო რამდენჯერმე გადაიდო. მხოლოდ ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ საათში ჩამოვლენ. შესაბამისად, 12 საათზე დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსული მხარე დაინტერესებულია უკრაინასთან მოლაპარაკებით. უცნობია ვინ არიან უკრაინის დელეგაციაში," - ამბობს ვლადიმერ მედინსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეტევის ტემპი შეამცირეს, თუმცა მაინც ცდილობენ ზოგიერთი მიმართულებით უპირატესობის მოპოვებას.
"რუსმა ოკუპანტებმა შეამცირეს შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც ცდილობენ ზოგიერთი მიმართულებით უპირატესობის მოპოვებას. საჰაერო შეტევის დროს მტერმა განაგრძო ცეცხლის გახსნა სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებზე, სამხედრო საკონტროლო პუნქტებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, დასახლებებზე და თავდაცვითი ტერიტორიების დანაყოფებზე.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ოკუპანტებმა მზაკვრულად განახორციელეს სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე ქალაქ ჟიტომირსა და ჩერნიგოვში. მიუხედავდ ამისა რუსი დამპყრობლების ყველა მცდელობა სამხედრო ოპერაციაში ჩავარდა. მტერი დემორალიზებულია და მძიმე დანაკარგებს განიცდის. უკრაინის დამცველები აგრძელებენ სტაბილური თავდაცვის შენარჩუნებას ყველა შესაძლო საშუალებით," - ამბობს ის.