28 აგვისტო 2026,   17:34
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმე - დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

ექსპრეზიდენტი პროცესზე დასწრებას გეგმავს. ადვოკატის განცხადებით, საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ის პოლიტიკურად მოტივირებულია.

"რუსეთის იმპერია და პირადად პუტინი ასამართლებს საქართველოს პრეზიდენტს. ასამართლებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ შორის ყვავილების თაიგული მიიტანა პოლონეთის პრეზიდენტის საფლავზე; იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, რაც საბოლოო ჯამში არის გასამართლება იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს შეუცვალა პოლიტიკური ორიენტაცია.

პროცესზე დაცვის მხარეს ექნება შუამდგომლობები, რომლებსაც იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს," - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები