მიიღებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - საკითხზე ევროპარლამენტი დღეს იმსჯელებს. რეზოლუციის პროექტში, რომელიც კანონმდებლებმა უკვე მოამზადეს ისინი ევროსტრუქტურებს და წევრ ქვეყნებს მიმართავენ - მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რეზოლუციის პროექტის განხილვა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცოტა ხანში დაიწყება. პროექტი საკმაოდ მოცულობითია და მასში 43 პუნქტია შესული. იქ დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც კრემლმა დონეცკსა და ლუგანსკს ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოაწერა აღიარებას ხელი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებას ევროპარლამენტარები უკიდურესი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ.
"ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ არსებულ ვითარებას, არის ომი, რომელიც დაიწყო ვლადიმერ პუტინისა და კრემლის მიერ შეთხზული სიცრუით და მიგვაჩნია, რომ ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის სიმტკიცე. არ იფიქროთ, რომ სისუსტემ შეიძლება იმუშაოს. აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა ვლადიმერ პუტინის განცხადება რუსული არმიის შემაკავებელი ძალების სპეციალურ მზადყოფნაში მოქცევის შესახებ. რუსეთის თავდასხმა უკრაინაში მიზნად ისახავს საერთაშორისო ტერორის დათესვას. ეს არის გეოპოლიტიკური ტერორიზმი. ევროკავშირს აქვს ნება მასიურად და კონკრეტულად დაუჭიროს მხარი უკრაინას, არა სიტყვებით, არა ლოზუნგებით, არა გამოსვლებით, არამედ სამხედრო აღჭურვილობით." - აცხადებს შარლ მიშელი.
უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტები უჭერენ და ხელს აწერენ ღია წერილს.