ომის მეშვიდე დღე უკრაინაში და მორიგი მძიმე ღამე. რუსმა ჯარმა საჰაერო დარტყმები მიაყენა რამდენიმე ქალაქს - მათ შორის ხარკოვს.
უკრაინული მედიის ცნობით, მთავარი სამიზნე საფრენოსნო სკოლის ყაზარმები და
სამხედრო ჰოსპიტალი იყო. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რუსულმა მხარემ ხარკოვში დესანტი გადასხა და ახლა რუს სამხედროებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
ქალაქ ხერსონის რუსული ძალების მიერ დაკავების შესახებ იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, ქალაქის მერი დახმარებას - საკვებისა და მედიკამენტების დროულ მიწოდებას, ასევე დაჭრილების ევაკუაციას ითხოვს. ვრცელდება ინფორმაცია დაახლოებით 200 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ. სუმის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა დაიკავეს ქალაქი ტროსტიანეციც.
უკრაინული მედიის მონაცემებით, საჰაერო თავდასხმა იყო ქალაქ ჟიტომირში
მდებარე სამხედრო ბაზაზე, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსსაც. მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
რუსებმა საცხოვრებელ სახლებზე იერიში მიიტანეს ქალაქ ბოროდიანკაში, რომელიც კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ქალაქ მარიუპოლში იერიშების შედეგად კი საავადმყოფოებში 128 დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეა მოთავსებული.
უკრაინელი ჟურნალისტები საზღვართან ბელარუსის ჯარის აქტივობის გაზრდის შესახებ იუწყებიან. თავდაცვის უწყების ცნობით კი ბელარუსის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან სამხედროების რიცხვს გააორმაგებს.
კვლავ საცობები და რიგებია უკრაინა-პოლონეთის საზღვართან. უკრაინული მხარე იუწყება, რომ რიგში 8 ათასი ავტომობილი დგას.