უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში უკრაინელებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი უძლეველობის სიმბოლოები არიან. პრეზიდენტის თქმით, ახლა უკრაინელებით ყველა აღფრთოვანებულია მსოფლიოში.
"გუშინ კიდევ ერთი მძიმე ღამე გადავიტანეთ. გუშინ ჩვენ ყველა ხარკოველები ვიყავით. მტერმა საიერიშო დარტყმები განახორციელა, არის მსხვერპლი, მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეების. კიევში დაიბომბა ანძა. მტერს უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წაშალოს მსოფლიოში, ისტორიაში. გვესვრიან ტანკებიდან, გვბომბავენ, ხოცავენ უდანაშაულო სამშობლოს მოყვარულ უკრაინელებს. ისინი აგრძელებენ მკვლელობებს ჩვენს ქალაქებში მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირის ქვეყნები. მსოფლიომ ნახა, რომ ევროპარლამენტმა ტაში დაგვიკრა.
ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა, ასევე ოფიციალურ პირებს და სახელმწიფო კომპანიებს. ვიმეორებ - ეს გააკეთა ნეიტრალურმა შვეიცარიამ და რას ელოდება სხვა ქვეყნები? მეშვიდე დღეა იმ საშინელი ომის, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინამ, და რა არის შედეგი რუსეთისთვის?
ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მისთვის დაიხურა. რუსული პროდუქცია მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალური სისტემებიდან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში კარგავენ. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით 6 000 დაღუპული რუსია, რუსი სამხედროები, ექვსდღიანი ომის შემდეგ. ეს გარდაცვლილი მტრის სტატისტიკაა წუხანდელი მსხვერპლის დათვლის გარეშე. 6 000 - რისთვის? რის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია. ამის მიღება რაკეტებით შეუძლებელია. ბომბები, ტანკები, ნებისმიერი დარტყმა, რაც არ უნდა განახორციელოთ, ჩვენს ქვეყანას არ დაგითმობთ. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი - მათთვის - რუსეთისთვის.
უკრაინელებო, რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ დაწყებული ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე გავიდა, მძიმე ღამე. ვიღაცამ ეს ღამე მეტროში გაატარა - თავშესაფარში მიმალვაში, ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა - სახლში ეძინა. დანარჩენები მეგობრებმა და ნათესავებმა წაიყვანეს. შვიდი ღამე ძლივს გვძინავს. ჩემო ძვირფასებო, მე გპირდებით, რომ დადგება დრო, როცა დავიძინებთ. მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ, გამარჯვების შემდეგ. სამყარო ჩვენ გვჭირდება და ჩვენს სამყაროს ვჭირდებით, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით. და ეს ჩვენ არასდროს დაგვინგრევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია თქვენით. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე ყველა. დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო დედამიწაზე. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პარალელურად ახლა ყველა ელოდება მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც კვლავ ბელარუსის საზღვართან უნდა გაიმართოს. შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული, თუმცა დრო უცნობია.