07 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
გვჭირდება ცხადი სიგნალი ევროკავშირისგან, რომ ერთ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა წევრები გახდებიან - ნიკოლოზ სამხარაძე Deutsche Welle-სთან საუბრისას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ Deutsche Welle-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რეგიონში შექმნილმა ვითარებამ განაცხადის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება დააჩქარა.

"გადავწყვიტეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარგვედგინა. განაცხადის წარდგენას 2024 წლისთვის ვგეგმავდით და ვაპირებდით, ამ დროის განმავლობაში კი იმ რეფორმების 2/3 ყოფილიყო გატარებული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი. თუმცა, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესიისა და მიმდინარე ომის ფონზე, რეგიონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ჩვენ ასევე ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ აზრის ცვლილებას - მათ გააცნობიერეს, რომ ევროკავშირის დაცულობა ძალიანაა დამოკიდებული შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, წარგვედგინა განაცხადი ჩვენს მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად. ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ხვალვე ან თუნდაც 2 წელიწადში ვერ გახდებიან, თუმცა, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება ცხადი სიგნალი ევროკავშირისგან, რომ ერთ დღეს, ეს ქვეყნები წევრები გახდებიან. შესაბამისად, ახლა, ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ კანდიდატი ქვეყნები.

რაც შეეხება რუსულ ოკუპაციას - მოგეხსნებათ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს, ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, დედაქალაქთან ახლოს, რუსეთის ტანკები ამ დრომდე დგანან," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.



დღის ამბები