18 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
რუსეთისა და უკრაინის ომში, მხარეებს შორის შუამავლის როლის მორგებას ახლა ისრაელი ცდილობს

რუსეთისა და უკრაინის ომში, მხარეებს შორის, შუამავლის როლის მორგებას ახლა ისრაელი ცდილობს. ვლადიმირ პუტინთან გამართული 3 საათიანი აუდიენცია დღეს მედიასთან ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა. ნაფტალი ბენეტმა საზოგადოებას ბევრი არაფერი უთხრა, თუმცა მზაობა გამოთქვა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორობას გააგრძელებს.

მოსკოვში გამართული აუდიენციის შესახებ საქმის კურსში იყო ჯო ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტი პუტინსა და ბენეტს შორის გამართული შეხვედრიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა საუბრის შინაარსი ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა - ბაიდენმა უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ამ განცხადების შემდეგ ვიდეომიმართვა უკვე უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება უცვლელია - ის დასავლეთისგან უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დაკეტვას ითხოვს. პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი აგრძელებს კომუნიკაციას სხვა პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებთან, მათგან ზელენსკის ოკუპანტებისთვის ახალი სანქციების დაწესების მოლოდინი აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე პროცესების განხილვას პარტნიორებთან აგრძელებს. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის შემდეგ, ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. პრეზიდენტთან გამართული აუდიენციის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და თავის მხრივ, ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა მოლდოვასაც გადაუხადა. ბლინკენის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს 2,75 მილიარდი დოლარის გამოსაყოფად უკვე მიმართა, თანხა უკრაინელ მოსახლეობასა და იმ ქვეყნებს მოხმარდება, რომლებიც ლტოლვილებს მხარს უჭერენ.

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ბრიტანეთსაც. "ნიუ ორკ თაიმსის" ცნობით, ბორის ჯონსონმა 6 პუნქტიანი გეგმაც შეიმუშავა, რომელსაც მიმდინარე კვირაში ის სხვადასხვა მეგობარი ქვეყნის ლიდერთან განიხილავს, საუბარია - ჰუმანიტარული კოალიციის მობილიზებაზე, სანქციების გაძლიერებასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. პარალელურად ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ბრიტანელებს მოუწოდებს უკრაინელებს სამშობლოდან დაეხმარონ და უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ.

მსოფლიოს ლიდერების აქტიური მოწოდებებისა და დაწესებული სანქციების მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე ისევ ისმის განგაშის სიგნალის და სროლის ხმა.

დღის ამბები