25 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
ომის მე-12 დღე და დაბომბილი დასახლებული პუნქტები - რუსული ჯარები უკრაინის დიდ ქალაქებში სამფერიანი დროშის აღმართვას უშედეგოდ ცდილობენ 

მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სარაკეტო და საარტილერიო იერიშები უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე, თუმცა მოსკოვი ისევ ვერ აკონტროლებს ვერცერთ დიდ ქალაქს და ვერც უკრაინის საჰაერო სივრცეს. საოკუპაციო ჯარი ახლაც ცდილობს ალყაში მოაქციოს კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და სუმი

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, კიევისკენ დღეების წინ დაძრული 64 კილომეტრიანი კოლონა, კვლავ ადგილზე დგას. არ არის გამორიცხული, რომ მას საწვავის პრობლემა ჰქონდეს.
უკრაინაში სამუდამოდ დარჩა ჩამოგდებული 44 მოერიშე თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, რუსეთის 109 საარტილერიო და 21 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთს საომარ მოქმედებებში უკვე ჩართული ჰყავს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ძალების 95 პროცენტი.

ოფიციალური კიევი კი, ირწმუნება 150 ათასიანი არმიიდან მათ უკვე გააუვნებელყვეს 46 ათასი, ამაში შედიან: დაღუპულები, დაჭრილები და ტყვედ აყვანილები.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში რუსეთს 12 დღის განმავლობაში უკვე 11 ათასი მკვდარი სამხედრო ჰყავს. ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში
14 500 სამხედრო დაკარგა. 

ქალაქი კიევთან ახლოს რუსული ჯარის მიერ ალყაშია. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ ირპენში მტერმა მოსახლეობა მძევლად აიყვანა. ამოწურულია საკვებისა და წყლის მარაგი. აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ქალაქი ირპენი ცეცხლის ალშია. მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი რუსულმა არმიამ ცენტრალურ მაგისტრალზე გაუხსნა. 

ვინიცის ოლქში ძლიერი აფეთქების ხმა მოსახლეობამ დილის შვიდ საათზე გაიგო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა საჰაერო იერიში აეროპორტზე მიიტანეს. არის მსხვერპლი. 

ხარკოვს მტერი გამთენიისას კვლავ მიადგა. სამჯერ დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლების საცხოვრებელი სახლები. ქალაქის ცენტრში 21 კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს, უკრაინის სამაშველო სამსახურების ცნობით, შენობები მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. რუსული აგრესიის შედეგად იერიში მიტანილია სამედიცინო, სასწავლო და სპორტულ დაწესებულებებზე.

ღამით კიდევ ერთხელ დაიბომბა სამხრეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული ქალაქი ნოკოლაევი. საჰაერო იერიში მტერმა მშვიდობიან მოსახლეობაზე გამთენიისას მიიტანა. ისმოდა დაბომბვის ხმა. დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ კონკრეტდება. 

ოკუპირებულია ხერსონის ოლქი, მაგრამ ადგილობრივები მტერს არ ნებდებიან. ტყვეობაში ჩავარდნილები რუსული ტანკების და სამხედროების წინაშე ოკუპაციის გაპროტესტებას არ უშინდებიან.

საკვებისა და წყლის კრიზისია მარიოპოლში, ჰუმანიატურული ტვირთის მიწოდების უფლებას რუსული ჯარი არც მოხალისეებს აძლევს. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მსგავსად პრეზიდენტი ზელენსკიც დარწმუნებულია, რომ რუსული ჯარი დემორალიზებულია და უკან დახევა მოუწევს. მისი თქმით, რუს ოკუპანტებს მძევლად ჰყავთ ირპენის, ბუჩას, გოსტომელისა და სხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლები.

ომის მეთორმეტე დღეს რუსული ჯარი კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვიში, სუმში, მარიოპოლში, ნიკოლაევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ლურჯ-ყვითელი დროში ჩამოხსნასა და სამფერიანი დროშის აღმართვას უშედეგოდ ცდილობს. 

 

 

დღის ამბები