31 აგვისტო 2026,   05:46
ვრცლად
უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასა და დაშავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - აშშ-ს ელჩი გაეროში

პუტინს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა აქვს, განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა. რუსული ჯარები ბლოკავენ უკრაინის ხელისუფლების მცდელობებს, მწვანე დერეფნების მეშვეობით მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელონ - პრობლემაზე გაეროში უკრაინის ელჩმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელების ევაკუაცია მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა რუსეთი სრულად დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

"რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასა და დაშავებაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და უკრაინელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხო გამგზავრებისთვის დაბრკოლებების შექმნაზე. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ქვეყანაში სრულად განადგურდა 34 საავადმყოფო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი განაცხადეს, რომ დაიღუპა 6 და დაშავდა 11 უკრაინელი ექიმი. განადგურებულია ან დაზიანებულია 211 სკოლა. ეს რუსული აგრესიის შედეგებია," - ამბობს უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა კი აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია, ვინაიდან მსოფლიო უნდა მოემზადოს ძალიან გრძელი და რთული გზისთვის.

"ბოლო ორმა კვირამ რაღაც გვაჩვენა, ეს არის ის, რომ უკრაინელი ხალხი არ აპირებს დანებებას და ის, რომ ბევრ რუსს, მათ შორის ბევრ რუს ჯარისკაცს, არ სურს ეს ომი,მისი თქმით. ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება და დაშინება სურს. ცხადია, პუტინს აქვს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა. შეერთებული შტატები შეშფოთებულია, რომ მსოფლიო უნდა მოემზადოს წინ ძალიან გრძელი და ძალიან რთული გზისთვის. ჩვენ კვირების განმავლობაში ვაფრთხილებდით მოსკოვს, რომ საბოლოოდ რუსეთი იქნება უფრო სუსტი და არა ძლიერი ამ ომის წამოწყებისთვის. ეს უკვე დადასტურებული სიმართლეა," - ამბობს ლინდა თომას-გრინფილდი.

დღის ამბები