27 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
ქვეყნის შიგნით გაჩაღებული საინფორმაციო ომი რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად - რაში ადანაშაულებენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს   

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ოპონენტების მხრიდან უკრაინის საკითხის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობისთვის დეზინფორმაციულ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს. მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისივე განმარტებით, ყველაფერი ეს კი ეროვნული ინტერესების, პირველ რიგში კი ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

მმართველი გუნდი აქცენტს აკეთებს ომის პროპაგანდაზე, ასევე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის ბრალდებები მიუღებელია. დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი რეალურ საფრთხეებზე მიუთითებენ, ერთ-ერთი ასეთი კი მათი თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაა.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა რომ მასობრივი შემოდინება არ არის, ამაზე დღეს შს მინისტრმაც ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტატისტიკა არაა გაზრდილი. ძალოვანი უწყების პირველი პირის თქმით, საზღვრები მკაცრად კონტროლდება.

ეროვნულ საფრთხეებთან მიმართებაში ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმებიან.
მმართველი გუნდი კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ურჩევს, გაიაზრონ თითოეული განცხადება, რომელიც შესაძლოა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირება ისევ გრძელდება. პარტიების შორის უთანხმოების საკითხებს რუსული აგრესია და მომდინარე საფრთხეებიც დაემატა.

დღის ამბები