ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "რუსთავი 2" გთავაზობთ სრულ განცხადებას:
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და რიგითი ბიზნესმენისთვის, სულერთი ნამდვილად არ არის, თუ როგორ ვითარდება საქართველო. ცალსახა და უდაოა, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მრავალწლიანი სვლა ამ გზაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული, თანაბარუფლებიანი წევრი თავისი კულტურით, ტრადიციებით და პრინციპებით! ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მშვიდობა! საბედნიეროდ, ბევრი პოლიტიკური რყევების თუ სპეკულაციების მიუხედავად, გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, მივიღეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, მალე მოლაპარაკებების კარიც გაიღება. როგორც თითოელი მოქალაქისთვის, ისე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რაც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან!
რაც შეეხება სადაო კანონს, მე როგორც ბიზნესმენი, არაერთხელ გავმხდარვარ ბინძური ცილისწამების და დაკვეთილი დეზინფორმაციის სამიზნე. სამწუხაროდ, ამ ცილისწამებების ავანგარდში იდგნენ ადამიანები, რომლებიც, ვითომდა კეთილშობილური მიზნებით, ახლა გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ იხრის კურსს. არადა, სწორედ რუსული პროპაგანდის სტილით ხდებოდა პირდადად ჩემზე გაუგონარი ტყუილების გავრცელება, და დიახ, სწორედ ეს არის რუსული! ამ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიებს, რომლის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულობასთან!
ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?! მე არ ვაპირებ კანონის ნიუანსებში შესვლას, თუმცა ვფიქრობ, გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს არაფერი ექნება. სხვა დეტალები პოლიტიკოსებმა არა ქაოსის, არეულობით მუქარის და შანტაჟის ფონზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილონ!
მე, როგორც ბიზნესმენი, რომელიც ვქმნი უამრავ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ აქვს ევროპას! მშვიდობას! ღიაობას და გამჭირვალეობას!" - წერს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.