29 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების დილემა და მწვავე კამათი კონგრესში - რა არგუმენტი აქვს ვაშინგტონს

კონგრესის მწვავე რეაქცია მოჰყვა ვაშინგტონის უარს, პოლონელების მიერ შეთავაზებული მოიერიშე თვითმფრინავები, უკრაინისთვის, მისი ტერიტორიიდან გადაეცა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დღეს პარალელურად 2 კომიტეტში უხდებოდათ სენატორებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა - თუ რის საფუძველზე თქვა უარი შეერთებულმა შტატებმა, "მიგების" გადაცემის საქმეში შუამავლობაზე.

დაზვერვის კომიტეტში სენატორმა კოტონმა მოითხოვა პასუხი, თუ რატომ ჩათვალეს ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურებმა, რომ თვითმფრინავების გადაცემა, NATO-ს და რუსეთს შორის სამხედრო ესკალაციას გამოიწვევდა.

 "რა საფუძველი უდევს იმ სავარაუდო შეფასებას, რომ თვითმფრინავების გადაცემა ესკალაციად აღიქმება?" - განაცხადა სენატორმა არკანაზასის შტატიდან ტომ კოტონიმ.


"ჩვენი ანალიტიკოსების შეფასებაა, რომ თვითმფრინავების გადაცემა შეიძლება რუსებმა მნიშვნელოვან ესკალაციად აღიქვან," - უპასუხა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინესმა.

"პენტაგონის სპიკერმა ასევე თქვა, რომ ეს იგივე სადაზვერვო მონაცემებია, რაც შარშან ჰქონდათ. არ არის დაზვერვის ახალი ინფორმაცია. იგივეა, რაც გასულ წელს იყო," - თქვა სენატორმა არკანზასის შტატიდან ტომ კოტონმა.

"არა, მე არ ვიცი, ის რას ეყრდნობოდა, მაგრამ ეს სადაზვერვო სამსახურების ახალი შეფასებაა და შემიძლია წარმოგიდგინოთ," - მიმართა ევრილ ჰეინესმა.

"მესმის, რომ ახალი შეფასებაა. გეკითხებით, გაქვთ თუ არა ახალი მონაცემები" - აღნიშნა ტომ კოტონმა.

"ისინი უყურებენ სადაზვერვო მონაცემებს და იყენებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას. მე არ ვიცი, იყო თუ არა..." - თქვა თავის მხრივ ევრილ ჰეინესმა.

"ეს დახურულ შეხვედრაზე გავაგრძელოთ. თუმცა ჩემს შეხედულებას გეტყვით: თქვენ არ გაქვთ ახალი სადაზვერვო ინფორმაცია. ეს არის მოსაზრება და ხშირად პოლიტიკოსები დაზვერვისგან ცდილობენ, თავიანთი ყოყმანის დაფარვას," - განაცხადა ტომ კოტონმა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიერ 21 იანვარს, სენატისთვის წარდგენილ ანგარიშში, საფრთხეების შეფასების შესახებ, ხაზგასმულია, რომ რუსეთს ამერიკულ ძალებთან პირდაპირი კონფლიქტი არ სურს. სწორედ ეს ფრაზა გახდა დღეს სენატორების რეაგირების მიზეზი. მათ აინტერესებდათ, რა შეიცვალა 21 იანვრის შემდეგ და რატომ მოუნდება რუსეთს ესკალაცია, მით უმეტეს დღეს, როდესაც უკრაინაში თავისი არმიის შესაძლებლობებს ხედავს. სენატორები ვაშინგტონის უარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

"როდესაც შეერთებულმა შტატები პოლონეთს საჯაროდ აძლევს მწვანე შუქს თვითმფრინავების გადაცემაზე და მას შემდეგ გადაიფიქრებს, რაც გაიგებს, რომ ეს ჩვენი, ასევე ნატოს წევრი ქვეყნის სივრციდან მოხდება, როდესაც ვიტყვით, რომ ამან შესაძლოა ესკალაცია გამოიწვიოს და თუ პოლონეთი გადასცემს ესკალაციად არ აღიქმება, შემდეგი დასკვნა გამომაქვს: ეს ადმინისტრაციის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მინდა ყველას შეგახსენოთ, პოლიტიკაზე გავლენას დაზვერვა არასოდეს უნდა ახდენდეს," - აღნიშნა სენატორმა ჩრდილოეთ კაროლინიდან რიჩარდ ბურიმ.

"მე მგონია, რომ ვლადიმირ პუტინმა უბრალოდ შეაჩერა ამერიკის მთავრობისგან ამ თვითმფრინავების გადაცემა. თუ ეს ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, მაშინ დაგვერეკა მმართველობისთვის ფორტ-ლუისშიჩამოხსნას დროშა და ჩვენი პოზიცია დათმოს. თუ მას არ შევაკავებთ უკრაინასა და ევროპაში, დასავლეთ სანაპირომდე ჩამოვა. ყოველთვის, როცა ის საფრთხეს წამოწევს, ჩვენ უკან ვიხევთ," - აღნიშნა ტომ კოტონმა.

მწვავე შეკითხვების მოსმენა მოუხდათ "მიგების" საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტების მაღალჩინოსნებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. იმედგაცრუება უწოდა ადმინისტრაციის უარს სენატორმა შაჰინმა და მომხსენებლებს შეახსენა, რომ "მიგების" გადაცემას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

"მე უბრალოდ არ მესმის ლოგიკა, რატომ ვერ იღებენ დაუყონებლივ "მიგებს" უკრაინელები. არ არის ლოგიკა იმაში, რაც ამ კომიტეტს და საზოგადოებას აუხსენით. მე გთხოვთ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში დაბრუნდებით, აღნიშნოთ, რომ ეს კომიტეტი პასუხების ღირსია. ჩვენ ამ საკითხში ერთიანები ვართ. მიეცით მათ თვითმფრინავები!" - განაცხადა სენატორმა იუტადან მით რომნიმ.

იმედგაცრუება უწოდა ასევე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჩვენთან საუბარში უკრაინული ორგანიზაცია "ჰელფ იუნაითედის" წარმომადგენელმა და მოკავშირეებს მეტი სითამამისკენ მოუწოდა.

"იმედგამაცრუებელი სიტუაციაა. ვისურვებდი, მოკავშირეებს იმის ნახევარი სითამამე ჰქონდეთ, რაც ჩვენს ქალებს, ბავშვებს და სამოქალაქო პირებს აქვთ, რომლებიც იბომბებიან და ტანკებს უწვებიან. დარჩენილი მსოფლიოც რომ უკრაინელებივით მამაცი იყოს, არ იკამათებდნენ, თუ ვინ ვის მისცემდა უკრაინისთვის თვითმფრინავებს. ისინი უბრალოდ იმოქმედებდნენ," - განაცხადა  "ჰელფ იუნაითედ" უკრაინის წარმომადგენელმა  იაროსლავ ჰეთმანმა.

კონგრესის რეაქციიდან გამომდინარე რთულია იმის თქმა, საბოლოოდ დაიხურა თუ არა პოლონეთის "მიგების" თემა. ჯერჯერობით, ადმინისტრაციაც და კანონმდებლებიც პრინციპულ პოზიციებს ინარჩუნებენ.

დღის ამბები