16 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ჩვენ 16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს იმაზე ოთხჯერ მეტია, ვიდრე მტერი გეგმავდა - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში ხარკოვი 89-ჯერ დაიბომბა, თავდასხმა გრძელდება სხვა ქალაქებზეც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა აცხადებს, რომ რუსეთი კიევზე იერიშის განახლებას გეგმავს.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის ვერსიით, რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმას, რაშიც თავად უკრაინელებს დაადანაშაულებენ.

უკრაინის პრეზიდენტი კი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ამაყი ხალხია, რომელიც მიწა-წყალს ყოველთვის იცავს. 

"ჩვენ 16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს იმაზე ოთხჯერ მეტია, ვიდრე მტერი გეგმავდა. ვიბრძვით არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა.

მათ იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინელები დანებდებოდნენ, რომ მათ უკრაინის ქუჩებში რუსეთის დროშებითა და ყვავილებით შეეგებებოდნენ.

თუმცა უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ თავის მიწას და ოკუპანტს თავისუფლებას არ დაუთმობენ. შეუძლებელია იმის თქმა, ზუსტად რამდენ დღეში გავანთავისუფლებთ უკრაინის მიწას, თუმცა შეიძლება ითქვას - ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ მომენტს, როცა სიტუაცია შემობრუნდება.

ჩვენ უკვე გამარჯვების გზაზე ვართ. ეს არის პატრიოტული ომი. ომი ძალიან ჯიუტ მტერთან, რომელიც ყურადღებას არ აქცევს თავის ათასობით მოკლულ ჯარისკაცს. რომელიც აგროვებს რეზერვისტებს და წვევამდელებს მთელ რუსეთში, რათა ომის ჯოჯოხეთში ჩააგდოს. რუსეთის ქმედებები ნიშნავს, რომ მისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის.

ევროკავშირმა უნდა გააკეთოს მეტი. მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. უკრაინელები ამას ველოდებით. ამას ყველა ევროპელი ერი ელოდება. აუცილებელია, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ემთხვეოდეს მათი ხალხის, ევროპელი ხალხის განწყობას. ჩვენ ვიცით ამ განწყობის შესახებ, ისევე როგორც იციან მათ. მათი უმრავლესობა თანახმაა, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს,"- აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი. 

დღის ამბები