უკრაინაში შეტევის სიხშირემ იკლო, თუმცა იერიში გრძელდება. დილის 6 საათიდან ოკუპანტების სამიზნე დნიპრო და ლუცკი გახდა. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 20-მდე ადამიანი. ჭურვები საცხოვრებელი კორპუსების და საბავშვო ბაღის სიახლოვეს აფეთქდა. გაჩენილ ხანძარს მაშველები რამდენიმე საათი აქრობდნენ.
ცეცხლის ალშია გახვეული ბუჩა და ჩერნიგოვი. აგრესორის მოგერიებას უკრაინელი სამხედროები აქ უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობენ.
ჩერნიგოვის რეგიონში, დამპყრობლები კვლავ განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს. შედეგად ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია და ტყვედ აიყვანეს. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მტერი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს არღვევს, ძარცვავს და კლავს სამოქალაქო პირებს.
სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლია ლუგანსკის ოლქშიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებს გაუხსნეს. ასობით ოჯახი ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ცენტრალური მილსადენის დაზიანების გამო წყლის პრობლემაა ივანო-ფრანკოვსკშიც. რამდენიმე აფეთქების ხმა აქ დილის 6 საათისთვის გაისმა, რასაც მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა. განგაშის სპეციალური სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
მთელი ღამის განმავლობაში სირენის ხმა ისმოდა მარიუპოლში. საპორტო ქალაქს მძიმე არტილერია უტევდა. ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ დილის 10 საათისთვის გაიხსნა. მიმდებარე ქალაქებიდნ და სოფლებიდან მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასასვლელად რამდენიმე საათი აქვს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპორტო ქალაქიდან 100 000-მდე ადამიანის გაყვანა მოხერხდა.
ოფიციალური კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. მათ შორის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიღებით. მანამდე კი ქვეყნის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას სთხოვს.
კრემლი კი ახალ სანქციებს ელოდება. შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, დასავლეთის ზეწოლა და უკრაინის ე.წ "სადამსჯელო ოპერაცია" იყო პუტინის და ლუკაშენკოს შეხვედრის მთავარი თემა. ამასთან ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვი ომზე უარს კვლავ არ ამბობს. მეტიც, კრემლში აღიარეს, რომ ფრონტის ხაზზე მოხალისეების ჩართვას დათანხმდნენ. წავლენ პატიმრებიც - ამნისტიის სანაცვლოდ.