25 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
განადგურებული სახლები, სკოლები, დაბომბილი ფსიქიატრიული საავადმყოფო - ნანგრევებად ქცეული ხარკოვი

ორკვირიანი იერიშის შედეგად ხარკოვში ნანგრევებად იქცა 400 საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ 472. ამას ემატება ხარკოვის ოლქიც, სადაც ასევე საცხოვრებლად უვარგისი გახდა ასზე მეტი სახლი. განადგურებულია 48 სკოლა და საბავშვო ბაღი. დაბომბილ ხარკოვში უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგია გათიშულია.

რუსეთმა, ქალაქზე, რომელიც მეტწილად რუსი ეროვნების ადამიანებითაა დასახლებული და რუსეთის საზღვრამდე სულ რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული, ბოლო 24 საათში იერიში 89-ჯერ მიიტანა.

ხარკოვში ჩამოგდებულია 250 კილოგრამიანი და ნახევარ ტონიანი ბომბები, რომელიც ასეულობით მეტრის რადიუსში ყველაფერს ანადგურებს.

დანგრეული და დაზიანებულია სარკინიგზო სადგურები, სამი ეკლესია, ბაზრები, საავადმყოფოები, სასწავლებლები და ადმინისტრაციული შენობები. მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ქალაქში გაჩნდა საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგების პრობლემაც. ადამიანები გადარჩენას ცდილობენ. 

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტიც დაბომბეს. შენობაში განთავსებულია ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი. დაზიანების შესახებ დეტალები ზუსტდება.

ხარკოვი გუშინაც დაიბომბა. სოფელ სლობოჟანსკოეში აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი ქალი შვილებთან ერთად დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა ხუთი წლის გოგონაც. არიან საცხოვრებლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაბომბვის შესახებაც. თავდასხმის დროს საავადმყოფოში 330 ადამიანი იმყოფებოდა და მათ ნაწილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, რის გამოც მათი ევაკუაცია გართულდა. 

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი კიევის შემდეგ ოკუპანტების მთავარი სამიზნეა. გრადის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით ომის დაწყებიდან მალევე დაიბომბა მჭიდრო დასახლებები, ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე სამთავრობო შენობას ესროლეს ჭურვი.

აფეთქებას ემსხვერპლა ოჯახი, დედა და მამა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ და ცოცხლად დაიწვნენ. ქალაქში ოთხი ადამიანი ოკუპანტებმა მაშინ დახვრიტეს, როცა ისინი თავშესაფრიდან წყლის მოსამარაგებლად მიდიოდნენ. იბომბებოდა სკოლები, ოკუპანტებმა არც ტაძრები დაინდეს.

დღის ამბები