ომის დაწყებიდან 19 დღე გავიდა - ცოტახნის წინ კიევის ცენტრში რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს რაკეტები, რომლის სამიზნეც დედაქალაქი იყო. თავდასხმა განხორციელდა სუმის რეგიონში. იერიში მიიტანეს დასახლებულ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის ცნობით, რუსეთისგან მიყენებული ზარალი 120 მილიარდ დოლარს აღემატება. დღეს მოსახლეობის ევაკუაციისთვის 10 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა.
კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მოლაპარაკების თემა ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიებია. რა შედეგით დასრულდება მორიგი, რაუნდი ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს მხარეები განსხვავებულ ფორმატში - ონლაინ საუბრობენ.
ბრიფინგზე, რომელიც საღამოს არის დაგეგმილი, გაცხადდება, თუ რა კონკრეტული შედეგებით დასრულდება მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი.
"უკრაინის საზენიტო ძალებმა კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, მისი ფრაგმენტები დაეცა საცხოვრებელ უბანზე და განადგურდა 5-სართულიანი შენობა" – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მრჩეველის ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, რაკეტის ფრაგმენტები კიევში კურენევკას მახლობლად ჩამოვარდა. დაზიანდა მეზობელი სახლების აივნები და პირველ სართულებზე კომერციული ფართები. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ რაკეტის ფრაგმენტები გზაზე დაეცა.
უკრაინის მთავრობამ მიიღო დავალება, აღდგეს მცირე და საშუალო საწარმოები და ამისათვის ყველა არსებული დაბრკოლება მოიხსნას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ძვირფასო უკრაინელებო! კარგი ამინდი, ეს ისაა, რასაც ახლა თითქმის ვერ ვამჩნევთ. მოწმენდილი ცა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის თავზე არ არსებობს. სარაკეტო დარტყმების გამო, ცაზე მტრის თვითმფრინავების კვალია. ჩვენთვის უკრაინა მხოლოდ ტერიტორია არ არის, როგორც ეს ოკუპანტებისთვისაა. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაბედულად დგანან. მტერს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რომ აღარ იცის სად ეძებოს რეზერვები. სად ეძებოს დახმარება. უნდა გავუძლოთ, უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. რათა მივაღწიოთ მშვიდობას, რომელსაც უკრაინელები იმსახურებენ. მივაღწიოთ უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების, რთული მოლაპარაკებების შედეგად ფურცელზე გადმოვიდეს. დელეგაციების შეხვედრა ვიდეო ფორმატში დღეს უკვე დაიწყო და ის გრძელდება. ყველა ელოდება სიახლეებს, რასაც საღამოს აუცილებლად მოგახსენებთ.
სანამ სახელმწიფო ომშია, სანამ ხალხი თავს იცავს, ეკონომიკა შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს. ამიტომ, მთავრობამ მიიღო მკაფიო დავალება, აღდგეს მცირე და საშუალო საწარმოები, მოიხსნას ყოველგვარი დაბრკოლება, რაც მათ ხელს შეუშლით.
იცოდეთ - ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ. ყველაფერს აღვადგენთ. ყველა ქალაქის ყველა ქუჩას. ყველა უკრაინელის ყველა სახლი, ყველა ბინა ომის შემდეგ აღდგება. დარწმუნებული ვარ, ამას სწრაფად შევძლებთ. ამისთვის მთელ ჩვენს ძალისხმევასა და მსოფლიოს დახმარებას მივმართავთ. ჩვენ უკვე ვქმნით ამისათვის შესაბამის ფონდებს. მაგრამ ახლა, როცა ოკუპანტები ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზე არიან, ჩვენი მთავარი მიზანი მათი დამარცხება და აქედან განდევნაა.
ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.