ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების გარეთ არ მოხდეს.
ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ რუსეთის უხეშ შეჭრას უკრაინაში. ეს გამანადგურებელია უკრაინელი ხალხისთვის. ასევე ეს შეცვლის ჩვენს უსაფრთხოების გარემოს. ამას ექნება ხანგრძლივი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ნატომ უპასუხა ერთიანი და სწრაფი გზით. NATO-ს მოკავშირეებმა დაუწესეს მკაცრი სანქციები რუსეთს. ჩვენმა მოკავშირეებმა მიაწოდეს მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას - სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას. ასობით ათასი სამხედრო მაღალ მზადყოფნაშია. ასობით ათასი ამერიკელი სამხედრო ევროპაშია. 40 ათასი სამხედრო ნატოს პირდაპირ განკარგულებაშია, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - მათ შორის საზღვაო და საჰაერო ძალები. შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამაში. მეტი ამერიკელი სამხედროს ყოფნა ევროპაში არის ძლიერი გზავნილი ტრანსატლანტიკურ ერთიანობაზე.
დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განვიხილავთ გრძელვადიან შედეგებს, თუ როგორ გავაძლიეროთ უფრო თავდაცვა და გამოვრიცხოთ ყველანაირი სივრცის არსებობა არასწორი გათვლებისთვის და გაუგებრობებისთვის მოსკოვთან. NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ეს კრიზისი არ გამწვავდეს უკრაინის მიღმა," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს წევრი ქვეყნების და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები ამ წუთებში უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მსჯელობენ - შეხვედრას ესწრებიან უკრაინის, საქართველოს, ფინეთის და შვედეთის პირველი სამხედრო პირები.