03 მაისი 2024,   11:27
ვრცლად
საიდან ახორციელებს რუსეთი ავიადარტყმებს უკრაინაზე - ოკუპანტების ახალ ტაქტიკაზე "კურიერი" ყველაზე ცხელი წერტილიდან გიამბობთ   

რუსეთი უკრაინას შორიდან ბომბავს - საჰაერო იერიშები გამთენიისას თითქმის ყველა დიდ ქალაქზე განხორციელდა. კიევი აცხადებს, რომ რუსეთმა რაკეტები კასპიის ზღვიდანაც კი გაუშვა. საოკუპაციო ჯარი ვერ ახერხებს ხმელეთზე წინ წაწევას, ამიტომ რუსეთი საცხოვრებელი კორპუსების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა გადასული. დაბომბილია კიევი, ლვოვი, ხარკოვი, კრამატორსკი - არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები.

საჰაერო იერიშების მიუხედავად რუსეთი ვერსად ვერ ახერხებს წინ წაწევას. ჰაერიდან გახსნილი ცეცხლის მიუხედავად უკრაინის თავდაცვამ რუსული შენაერთები კიევიდან უკან 70 კილომეტრში გადააგდო.

დედაქალაქის მიმართულების რუსეთის სახმელეთო ჯარის გადაადგილება ყველა მიმართულებით შეჩერებულია. საერთოდ აღარ ჩანს მოძრაობა ბორისპოლის მიმართულებაზე. მთელი ყურადღება რუსეთს გადატანილი აქვს ნგრევაზე. რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ პოდოლსკის რაიონის მაცხოვრებელს მხოლოდ ნახევარი აივანი დარჩა. რაკეტა 4 საცხოვრებელ კორპუსს შორის დილის 07:30-ზე დავარდა.

რაკეტის აფეთქებამ თითქმის მთლიანად დაანგრია საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო. დაზიანდა მასთან ახლოს მდებარე კორპუსებიც.

რაკეტის ჩამოვარდნის თვითმხილველი მეეზოვეა. ის ტრადიციულ დროს ეზოს დასასუფთავებლად მიდიოდა, როდესაც საოკუპაციო ძალის მიერ გასროლილი რაკეტა საბავშვო ბაღთან რამდენიმე მეტრში დაეცა.

პოდოლსკის რაიონის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი სიკვდილს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. კორპუსების მოსახლეობა შინაურ ცხოველებთან ერთად ევაკუირებულია.

პოდოლსკის რაიონის დაბომბილ კორპუსებში დაშავებულებსა და გარდაცვლილებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. რუსული რაკეტისგან გამოწვეული ნგრევის ადგილზე მივიდა კიევის მერის ძმა, ცნობილი მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო. მან მომხდარს უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდა.

დაბომბილი კორპუსების, საბავშვო ბაღისა და სკოლის ნანგრევებისგან გასუფთავება საღამომდე გაგრძელდა. რუსულმა რაკეტამ არ დაინდო არავინ, მათ შორის არც მშვიდობის სიმბოლო - მტრედი, ისიც რაკეტის ნამსხვრევებს შეეწირა.

დღის ამბები